ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ აღნიშნულია პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
"ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. თავდაპირველი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოყვა. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში, ამ დრომდე, უცნობია.
კორპუსის ჩამონგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანის ცხედარი გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი იმყოფება კლინიკაში, 36 წლამდე კაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.