ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი მათგანი კონტაქტზეა, თუმცა, მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
გომელაურის განცხადებით, კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის დაზიანება განიხილება.
„მძიმე სიტუაციაა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა, ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა, ვერ გვიხსნიან, სად არიან და მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. არ არის იმის საშუალება, რომ ნანგრევებზე 100 და 200 ადამიანი ავიდეს და ერთდროულად იმუშავოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, თუმცა, ფიზიკურად, ვერ გამოდის სწრაფად მუშაობა, შეიძლება, ამით ქვეშ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ. პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ადამიანები არ დავაშავოთ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.