სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს.
ოთხშაბათს, ლიუბლიანაში ევროკავშირის სამიტზე ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლაიენმა დაარწმუნა ბალკანეთის 6 ქვეყანა, რომ ისინი ერთ დღესაც ევროპის კავშირის წევრები გახდებიან.
ლიუბლიანის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელიც დაადასტურებს 18 წლის წინ გაცემულ დაპირებას, რომ სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ალბანეთი ევროკავშირს შეურთდებიან, თუ ისინი დააკმაყოფილებენ წევრობის კრიტერიუმებს.
ვინაიდან, ბრიუსელსა და რეგიონში არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით, ბლოკის გაფართოების პროცესი ერთგვარად ბლოკირებულია, ბალკანეთში ბევრი თვლის, რომ ევროკავშირის ეს დაპირება რეალურად არ არის გამყარებული.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სცადა, საპირისპიროში დაერწმუნებინა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო.
"დასავლეთ ბალკანეთი ეკუთვნის ევროკავშირს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირში. ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას სლოვენიის დედაქალაქში გახსნილ სამიტზე მისვლისთანავე.
"ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე ბედი", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიის მცდელობა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის როლს ირგებს, ბალკანეთს სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2030 წელი განესაზღვრა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამასთან, ევროკავშირმა ვერ შეძლო შეესრულებინა ადრე გაცემული დაპირება კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.
"ეს იყო დიდი უსამართლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ", - თქვა ალბინ კურტიმ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მონაწილეობას იღებს ლიუბლიანის სამიტში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა ჯერ კიდევ არ აღიარებს კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობას.
"თუ ევროკავშირი არ შესთავაზებს ამ რეგიონს რეალურ პერსპექტივას, მაშინ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ... ჩინეთი, რუსეთი ან თურქეთი... იქ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. გეოგრაფიულად, რეგიონი ეკუთვნის ევროპას და მას სჭირდება ევროპული პერსპექტივა", - თქვა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა, რომელიც სამიტზე ჩავიდა.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მრჩეველმა როიტერთან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ პარიზი ცდილობს ხელი შეუწყოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს.