საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, სერბეთის ოლიმპიური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვლადე დივაცი ეროვნულ სტადიონს დაათვალიერებს. დივაცმა ოთხი ოფიციალური შეხვედრა გამართა და ხუთი სპორტული კომპლექსი მოინახულა.
დილიდან ვლადე დივაცი ძიუდოს აკადემიაში მივიდა, ბოლო შეხვედრა კი რამდენიმე ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან გამართა.
საქართველოსთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს აქვს სურვილი უმასპინძლოს 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას.
"ასეთი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იქნება დივაცის რეკომენდაცია იმ პერიოდისთვის, როდესაც განხილვა მოხდება იმისა - უმასპინძლებს თუ არა თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. ეს კი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ოლიმპიური კომიტეტი, დედაქალაქის მერია, სპორტის სამინისტროც და მთლიანად ხელისუფლება იქნება ჩართული ამ ყველაფრის ორგანიზებაში", _ განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა.
დივაცი საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკს" მოინახულებს და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში მოთამაშე ორ სერბ თანამემამულეს შეხვდება. ამის შემდეგ კი გაემართება სპორტის სასახლეში, სადაც მას ახალგაზრდა კალათბურთელები ელოდებიან.
"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ კალათბურთზე. დასავლეთში უნდა გაითვალისწინონ, რომ ქართველებს სპორტი ძალიან უყვართ და წინა წლებთან შედარებით ვითარება საგრძნობლადაა გაუმჯობესებული", _ აცხადებს სერბი კალათბურთელი, სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.