საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც მიმართავს და ურჩევს, საქართველოში დაბრუნდნენ, რადგან სწორედ ახლა წყდება ქვეყნის ბედი.
"ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. ვისაც არ შეუძლია, რადგან დოკუმენტები არ აქვს წესრიგში ან სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე", - აცხადებს სააკაშვილი.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, შიდა კვლევები ცხადჰყოფს, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე 43%-იან ნიშნულს ვერ მიუახლოვდება, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას დააყენებს დღის წესრიგში.
ამასთან, ის ოპოზიციას მიმართავს, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია კოალიციური შეთანხმება შედგეს.