ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირების საკითხებთან დაკავშირებით, "თალიბანის" ლიდერებს შორის დიდი განხეთქილებაა. იტყობინება BBC-ი წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა შორის ერთ-ერთი "თალიბანის" მაღალი რანგის პირია.
წყაროების ინფორმაციით, სიტყვიერი მწვავე დაპირისპირება "თალიბანის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მოლა აბდულ ღანი ბარადარსა და დევნილთა საქმეების მინისტრი ხალილ რაჰმან ჰაყანისა და მის მომხრეებს შორის ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში მოხდა. ამბობენ, რომ ხმამაღალი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
როგორც იუწყებიან, კამათი თითქოს განაპირობა აბდულ ღანი ბარადარის უკმაყოფილებამ ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურით, თუმცა რეალურად მიზეზად სახელდება ის, თუ ვის ეკუთვნის ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვების დამსახურება.
წყაროების ცნობით, აბდულ ღანი ბარადარი დარწმუნებულია, რომ "თალიბანის" გამარჯვება დიპლომატიისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ხანგრძლივ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. ხოლო ხალილ რაჰმან ჰაყანი და მისი მომხრეები თვლიან, რომ გამარჯვებას ბრძოლითა და სამხედრო გზით მიაღწიეს.
მოლა აბდულ ღანი ბარადარი იყო "თალიბანის" პირველი ლიდერი, რომელმაც უშუალო კონტაქტი დაამყარა აშშ-ი პრეზიდენტთან, როდესაც ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს 2020 წელს. მანამდე ბარადარმა ხელი მოაწერა შეთანხმებას დოჰაში, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.
დაუდასტურებელი ცნობები "თალიბანის" ხელმძღვანელთა რიგებში უთანხმოების შესახებ მანამდეც ვრცელდებოდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად აბდულ ღანი ბარადარმა, რომელიც ავღანეთს მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს, საჯარო აქტივობა შეწყვიტა.
სოციალურ ქსელში ბარადარის გარდაცვალების შესახებაც კი გავრცელდა ცნობა, რომლის გასაქარწყლებლად "თალიბანმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც თითქოს ბარადარი ამბობს, რომ მივლინებაში იმყოფება და ყველაფერი კარგადაა.
წყაროები კი BBC-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კონფლიქტის შემდეგ, ბარადარმა ქაბული დატოვა და ყანდაარში გაემგზავრა.
BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანი" ბარადარის ადგილსამყოფელის შესახებ ურთიერთგამომრიცავ ცნობებს ავრცელებს. მოძრაობის სპიკერმა თავდაპირველად თქვა, რომ იგი ყანდაარში "თალიბანის" უზენაეს ლიდერ ახუნძადასთან შესახვედრად გაემგზავრა, მოგვიანებით, კი თქვა, რომ ბარადარი "დაიქანცა და უბრალოდ დასვენება სურს".
"თალიბანმა" ავღანეთზე კონტროლი გასულ თვეში აიღო და მას შემდეგ ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა გამოაცხადა. "თალიბანის" ახალი დროებითი მთავრობა მთლიანად კაცებისა და ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებისგან შედგება, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ პირობასთან, ინკლუზიური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.