იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია. „მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ასევე ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია და რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, კლების ტენდენცია კიდევ შეანელოს.