7-8 ნოემბერს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 173 წლისთავის აღსანიშნავად, ყვარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა. გაიმართება გამოფენები, კონცერტი და სპორტული ღონისძიებები.
7 ნოემბერს ყვარელში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელიც 11:00 საათზე ყვარლის შესასვლელში, ილიას მონუმენტთან დაიწყება; შემდეგ ზეიმი ყვარლის ციხე-გალავანში გაგრძელდება; დღის განმავლობაში გალავანში კახეთის ყველა რაიონს წარმოდგენილი ექნება ფაცხები, სადაც ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სამზარეულო მოეწყობა; მოხდება თექის მოთელვა, მატყლის ჩეჩა, ხინკლის მოხვევა, იქნება თათარაობა. გაიმართება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და ქართული ჭიდაობა. ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმებში გამოფენები მოეწყობა. ილიას სახლ-მუზეუმში ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებისადმი მიძღვნილი გამოფენა "ეროვნული მოძრაობა და ჭავჭავაძეები" გაიხსნება. საღამოს ილიას მუზეუმის წინ ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი ჩატარდება.
8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საზოგადო მოღვაწეების შეხვედრა მოეწყობა. ილიას სახლის ეზოში გამოიფინება სკოლის მოსწავლეების მიერ იქვე შექმნილი ნახატები, რომელსაც ეწოდება "ილია ბავშვების თვალით". ილიაობისთვის იგეგმება ყვარელის რეაბილიტირებული სპორტსკოლის გახსნაც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარით ფინანსდება.