დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (FE) საიდუმლო შიდა გამოძიების (კოდური სახელწოდებით "ოპერაცია დუნჰამერი") თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) იყენებდა FE-სთან თანამშრომლობას, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენების მეშვეობით, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ანგელა მერკელის, მოსმენისა და ჯაშუშობის მიზნით.
გამოძიება ტარდებოდა აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოსგან ფარულად, FE-ს სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ჰაკერები და ანალიტიკოსები. მათ შეისწავლეს დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთქმედების სპეციფიკა.
სამუშაო ჯგუფის დასკვნა 30 მაისს დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, შვედეთის ტელესამაუწყებლო ორგანიზაცია SVT-თან, ნორვეგიის მაუწყებლის, გერმანიის Süddeutsche Zeitung-ის, NDR-ის, WDR -ისა და ფრანგულ Le Monde-თან თანამშრომლობის შედეგად გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრხოების სააგენტო უთვალთვალებდა კანცლერ ანგელა მერკელს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ასევე კანცლერობის კანდიდატს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან პერ შტაინბრიუხს.
საიდუმლო ანგარიში 2015 წელს მომზადდა. FE-ს სამუშაო ჯგუფის დასკვნა მოიცავს 2012-2014 წლების პერიოდს. ის დანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობას 2015 წელს გადაეცა. ჟურნალისტები რამდენჯერმე შეხვდნენ სხვადასხვა წყაროს, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ FE-ს საიდუმლო ინფორმაციებთან.
გამომძიებლების მონაცემებით, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა ყველა ტექსტური შეტყობინება და სატელეფონო ზარი, რომლებიც დანიის ინტერნეტ-სადენებით გადაიცემოდა. მიყურადება ხდებოდა ნორვეგიელი, შვედი, გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ.
გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ანგელა მერკელი აღნიშნულის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული.