საქართველოში პრორუსული ძალებისგან ხშირად გვსმენია, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვის ერთადერთი გარანტიაა. ფინეთს სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოცხადებული აქვს, თუმცა ქვეყნის თავდაცვის უწყებამ სამხედრო დაზვერვის პირველი საჯარო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კრემლი საფრთხედ არის დასახელებული. როგორც ჩანს, მიუმხრობლობის პოლიტიკა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან თავდაცვის საშუალებად ვერ გამოდგება.
ფინეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ოფიციალური მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას ეთმობა და ევროპაში დესტაბილიზაციის წყაროდ კრემლის ქმედებები სახელდება. უფრო მეტიც, ფინეთი მიიჩნევს, რომ სწორედ რუსეთის მიზეზით გაიზარდა კონფრონტაციის ხარისხი და სამხედრო აქტივობები ბალტიის ზღვის რეგიონში.
ფინეთის სამხედრო დაზვერვა კრემლის მეხუთე სამხედრო დანაყოფის საშუალებით არქტიკის რეგიონში გავლენის გავრცელებაზეც საუბრობს და ლიბიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას ახალი კრიზისის წყაროდ ასახელებს. მოსკოვმა ტრადიციულად დასავლეთისკენ გაიშვირა ხელი და აცხადებს, რომ ფინეთს "ანტირუსული სახელმწიფოების რიგებში ითრევენ", სინამდვილეში კი, ნეიტრალურმა ფინეთმაც კი ვერ მოახერხა პუტინის აგრესიულ ნაბიჯებზე თვალის დახუჭვა.
ფინეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ქმედებები მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს. სამხედრო დაზვერვა აღნიშნავს, რომ მოსკოვმა ფინეთის სამეზობლოში შეიარაღების სისტემების რაოდენობა გაზარდა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ ევროპა ფინეთის ნეიტრალიტეტს ემუქრება, დოკუმენტი ამერიკის გავლენით მომზადდა და "კოლექტიურ დასავლეთს" ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში შეტყუება სურს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ელენა პანინამ ანგარიში შეაფასა, როგორც "კოორდინირებული ანტირუსული კამპანიის" ნაწილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ სახელმწიფოებზე, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურთ. სინამდვილეში, თავად რუსეთს შეყავს კრემლის მტრების გრძელ სიაში პოსტსაბჭოთა და დასავლეთის ქვეყნები. ოფიციალური მოსკოვი აგრესიული პოლიტიკით თავად უკარგავს ყველას მასთან თანამშრომლობის სურვილს და ეს არა დასავლეთის, არამედ ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა.
ფინეთის მთავრობის თავდაცვის პოლიტიკის მთავარ დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ფინეთის სამხედრო კონფლიქტებში მხარედ გადაქცევის პრევენციას ისახავს. ფინეთი სამხედრო საფრთხეების განეიტრალების პოლიტიკას ეწევა და რომელიმე აქტორის მიერ მისი ტერიტორიის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო მიზნით გამოყენებას არ დაუშვებს. ამიტომაც, საერთაშორისო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საერთაშორისო წვრთნები და საერთაშორისო კრიზისის მენეჯმენტში მონაწილეობა ფინეთის საგარეო, სამხედრო და თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს".
ფინეთი ნატო-სთან სწორედ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისა და მიუმხრობლობის პრინციპის დაცვისთვის თანამშრომლობს და არა ანტირუსული სახელმწიფოების "კლუბში" გაწევრიანებისთვის, როგორც ეს კრემლს სურს რომ დაგვაჯეროს.
საინტერესოა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, რუსეთის გავლენის აგენტები მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს ქვეყანა სამხედრო პოლიგონად გადაქცევის საფრთხის წინაშეა და გამოსავლად ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სთავაზობენ. ფინეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიში ნათლად გვაჩვენებს, რომ ვერანაირი მიუმხრობლობა ვერასდროს იქნება რუსეთისგან თავდაცვის გარანტია. თანაც, საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიაზეც სამხრეთის სამხედრო ოლქისა და "ეფ-ეს-ბე"-ს ბაზებია უკანონოდ განლაგებული.
რუსული პროპაგანდა ცდილობს ქართველ ხალხს დააჯეროს, რომ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკისა და ოკუპაციის მიზეზი ნატო-სთან თანამშროლობაა. ორასი წელია რუსეთი საქართველოს ებრძვის, ნატო-სთან თანამშროლობამდეც გვართმევდნენ ტერიტორიებს და კლავდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ვლადიმერ პუტინს ყველაზე მეტად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია აშინებს, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით თავდაცვის უნარს ვზრდით. რუსეთის პრეზიდენტს კი, სურს რომ საქართველო კრემლიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე მარტო და დაუცველი დარჩეს. ამიტომაც, ფინეთის მაგალითი საქართველოსთვის კარგი გაკვეთილია. რუსეთისგან თავდაცვის ერთადერთი გზა სწორედ სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობაა.
შორენა ბაბლუანი