ვამაყობ, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიამ აჩვენა გამბედაობა და გააქრო ზეწოლის შიში.
"ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა ასწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩემი აზრით, ეს მართლაც უნიკალური კომბინაციაა. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ. აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით. მგონი, ჩვენ ხალხს ყველაფერი გამოუვა, სხვანაირად არ შეიძლება. ამდენი წელია ხალხი შვებას და რაღაც წინსვლას ელოდება. ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს. ციხის შიში საერთოდ გააქრო. მან გააქრო შიში რეპრესიების, ზეწოლის, სხვადასხვა პირობითობის, რადგან როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებულნი არიან, მიყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი, განსაკუთრებით, მისი ბოლო საქციელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ტალღა, ახალი ძალა მიეცა ჩვენს ხალხს“, – განაცხადა სააკაშვილმა.