ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირის უკანონოდ დაკავება განხორციელდა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ.
„ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.
პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.