თბილისს ისრაელის გავლენიანი მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელის, იციკ მოშეს ინიციატივით, ისრაელის მეშვიდე არხის (TV7 ISRAEL NEWS), "ისრაელ აიომის" (ISRAEL HAYOM) და რადიოსადგურ GALE ISRAEL-ის ჟურნალისტები, პიარკამპანია TATIKA PRESS-თან ერთად საქართველოსა და "ისრაელის სახლის" საქმიანობაზე რამდენიმე სტატიასა და სიუჟეტს მოამზადებენ.
ისრაელის წამყვანი მედია დაინტერესებულია, როგორ ემზადება საქართველო ისრაელთან ტურიზმის აღდგენასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე პოსტპანდემიურ პერიოდში.
ჟურნალისტების ფოკუსში მოექცევა აგრეთვე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ზაფხულისთვის დაგეგმილი ბიზნესფორუმი და ზრუნვა საქართველოში ისრაელის მოქალაქეების მიერ უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე. ერთ-ერთი თემაა კულტურის და განათლების სფეროებში ისრაელთან კავშირის გაღრმავება.
მედიატურის მონაწილეთა ყურადღების ცენტრშია, აგრეთვე, ამ დღეებში ისრაელში, ებრაულ ენაზე, შლომი ჰასკის რედაქციით გამოსაცემი წიგნი "სიონიზმი დინების წინააღმდეგ" (ავტორი: გიორგი ბერნშტეინი), რომელშიც დაწვრილებით აღწერილია ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფაქტები დიდი საბჭოთა ალიის შესახებ. დოკუმენტურ მასალებსა და იმჟამად მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთი) საბჭოთა კავშირში პირველი წარმომადგენლის იციკ მოშეს საარქივო მასალებზე დაყრდნობით, გადმოცემულია ისტორია საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივი რეპატრიაციისა და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლის შესახებ. წიგნის მეორე ნაწილი ეძღვნება "ისრაელის სახლის" საქმიანობას, ჰასბარას (სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელის წარდგენა) ახალ მეთოდს, რომელიც ქნესეთის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში განვითარდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელში არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ "ისრაელის სახლის" კონცეფცია ისრაელის საგარეო დიპლომატიაში ახალი სიტყვაა და სასურველია, ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ჰასბარას ახალი მეთოდოლოგია სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. წიგნის პრეზენტაცია იერუსალიმში, ჰერცელის მთაზე გაიმართება.
"ისრაელის სახლის" დამფუძნებლის იციკ მოშეს თქმით, ისრაელში კვლავ დიდია საქართველოთი დაინტერესება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთი უკეთ გაიცნოს. სწორედ ამას ემსახურება ისრაელელი ჟურნალისტებისთვის მედიატურის ორგანიზება და საქართველოზე მეტი პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება მეგობარი ქვეყნისთვის. რაც შეეხება წიგნის გამოცემას, მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია დიდი ალიის პროცესში საქართველოს როლი. "საკმარისია წიგნში სიტყვა "ისრაელი" შეიცვალოს "საქართველოთი", მივიღებთ ქვეყანაზე უპრეცედენტო ზრუნვის უნიკალურ მეთოდს", - ამბობს იციკ მოშე.