"ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 15 მაისის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმართველობის არჩევნებში ერთიან კანდიდატად უნდა დასახელებულიყო, თუმცა "ფინალში მასხარა პოლიტიკოსები შერჩათ", მაგალითად ვაშაძე.
მისი შეფასებით, პარლამენტში შესული ოპოზიცია ბოლომდე დაუნდობლად აჭერს წიხლს ნიკა მელიას, რადგან სწორედ მისი რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.
"გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.
მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები - მაგალითად ვაშაძე, ვინც ნაციონალებთანაც კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად, ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.