აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ივნისში ევროპაში ვიზიტის დროს შეხვდება. ამის შესახებ იტყობინებიან France-Presse და Reuters.
"იმედი მაქვს და მჯერა ამის. ჩვენ ამაზე ვმუშაობდ", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისე, რომ დამატებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასულ კვირას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მან თავის რუს კოლეგასთან განიხილა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის ორგანიზება.
"ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს", - თქვა სალივანმა პარასკევს ერთ-ერთ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.
"მე ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგას… დღეს დილით, ვცდილობდი გამომეყენებინა შესაძლებლობა, რომ ამ ზაფხულს სამიტი ჩაგვეტარებინა", - დასძინა სალივანმა.
მანამდე, გასულ თვეს ბაიდენი გამოვიდა მოწოდებით, რუსეთის პრეზიდენტან ერთობლივი სამიტის გამართვის შესახებ, სადაც მრავალ სადავო საკითხებს განიხილავდნენ.
მაშინ კრემლმა თქვა, რომ სამიტი დამოკიდებული იქნება აშშ-ის ქმედებებზე და, ზოგიერთი ცნობით, ვაშინგტონს მოუწოდა უარი ეთქვა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების სიმწვავე ახალ ნიშნულს მიუახლოვდა, როდესაც ბაიდენმა ერთ-ერთ ინტერვიუში, დადებითად უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია. მალევე კრემლმა საკუთარი ელჩი კონსლუტაციებისთვის მოსკოვში გამოიძახა.
მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, აპრილში აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევის და სხვა მავნე მოქმედებების გამო.
სულ ახლახან პუტინმა მონაწილეობა მიიღო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კლიმატის სამიტში.