საკრებულოს წევრი და "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი მოითხოვს საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურმა წარადგინოს სრულყოფილი ანგარიში დედაქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მგზავრთა ნაკადების, ყოველი კონკრეტული მარშრუტის დატვირთვის Aშესახებ. ასევე დაფინანსების შესახებ, რომელიც თბილისის ბიუჯეტს უკვე გაწეული აქვს კომპანია "თბილისის ავტობუსებისთვის". თინა ხიდაშელი ეჭვობს, რომ დედაქალაქში ავტობუსების შემცირება გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსების არა-სათანადო გამოყენებით და კორუფციით.
დღეს, საკრებულოს შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე ხიდაშელმა წარმოადგინა სარევიზიო კომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ 2007 წლის "თბილისის ავტობუსის" მიერ გადაყვანილ მგზავრთა ნაკადი 26 პროცენტით გაიზარდა; 2008 წლის "თბილისის ავტობუსის" მიერ გადაყვანილ მგზავრთა ნაკადი 62 პროცენტით გაიზარდა; 2009 წლის მონაცემები ამ ანგარიშში არ არის, მაგრამ ხიდაშელის ვარაუდით, ასევე უნდა გაზრდილიყო, ვინაიდან გაზრდილია დაფინანსება. "რესპუბლიკური" პარტიის წევრის თქმით, ტრანსპორტის სუბსიდიისათვის 2007 წელს გამოყოფილი იყო დაახლოებით 9 მილიონი ლარი, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 26 მილიონამდე, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტით კი სუბსიდიამ 38 მილიონი შეადგინა. ხიდაშელის განმარტებით, ეს მონაცემები თბილისის მერიის განცხადებას აბათილებს, რომლის მიხედვითაც მერიამ ავტობუსების შემცირების გადაწყვეტილება მგზავრების სიმცირის გამო მიიღო
"კორუფციის დასადასტურებლად სრულიად საკმარისია ამ მონაცემების მოხმობაც თუ ეს რიცხვები მართალია და "თბილისის ავტობუსი" მართლაც ასეთი სიხშირით მუშაობდა, მაშინ გაუგებარია რა პასუხს ვეუბნებით თბილისელებს დაგეგმილი ოპტიმიზაციის პირობებში. როგორც ამ რიცხვებიდან ირკვევა ყოველწლიურად ავტობუსების გამოყენების მაჩვენებელი 3-ჯერ და 4-ჯერ იზრდება. ხოლო თუ ოპტიმიზაცია იმიტომ ხდება, რომ რეალურად ამდენი ავტობუსისა და ხაზის აუცილებლობა არ არის, მაშინ გაუგებარია სად მიდის ის ათეულობით მილიონი, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა და არავითარი ანგარიშგება მათ ხარჯზე წარმოდგენილი არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელი მოითხოვს საკრებულოს პირველივე სხდომაზე თბილისის მერიამ წარმოადგინოს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ხედვა, შესაბამისი საბიუჯეტო დასაბუთებით.
.