პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2021 წლის 15 აპრილს, პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ელჩს დიპლომატიური ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარშავაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი დიპლომატიური სტატუსის დარღვევა და მითითებული პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ საქმიანობის განხორციელებაა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლონეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონეთი სოლიდარულია აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რითაც სანქციების ახალი პაკეტი დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისა და სამთავრობო სტურუქტურებზე მასშტაბური კიბერთავდასმის გამო.
სანქცირებულთა სიაში შედის 32 ფიზიკური და იურიდიულ პირი.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა.