ეშმაკების დამარცხება შეიძლება შებრძოლებით, შეწინააღმდეგებით, არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა. არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში.
"ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც ეწოდება ღირსი იოანე კიბისაღმწერელის კვირა. ღირსი იოანე იყო გამორჩეული წმინდანი, დიდი მოღვაწე, დიდი ასკეტი, საეკლესიო, სასულიერო მწერალი და დიდი მასწავლებელი სულიერებისა, სარწმუნოებისა, მარხვისა, ლოცვისა და ასკეტური ღვაწლისა.
ამ დღესთან დაკავშირებით გამორჩეულია სახარება, რომელიც გვასწავლის სარწმუნოების, სიმდაბლის, ლოცვისა და მარხვის შესახებ. უფალ იესო ქრისტესთან მოდის ერთი ადამიანი, მოჰყავს თავისი ვაჟიშვილი, რომელიც ბავშვობიდან ეშმაკეულია, და ევედრება უფალს, განკურნოს, მაგრამ მანამდე იგი მოციქულებთან მიჰყავს, რადგან თავიდან ერიდება ქრისტესთან მიყვანა, მაგრამ მოციქულები ვერ განკურნავენ მას; ამიტომ შემდგომ მიდის უფალ იესო ქრისტესთან. დაიჩოქებს მის წინაშე და ევედრება, რომ მოგიყვანე ძე ჩემი, გთხოვ, შეიწყალე იგი და თუ შეგიძლია, განკურნეო.
უფალი პასუხობს: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისათვის“. აი, როგორი სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის, რომ მორწმუნე ადამიანისთვის ყველაფერია შესაძლებელი, იმიტომ, რომ სარწმუნოება გვაძლევს საშუალებას, მივმართოთ თვით ცოცხალ ღმერთს. და ეს მამა პასუხობს მაცხოვარს: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“, რის შემდეგაც უფალი ამ დიდ სასწაულს მოახდენს და ბავშვი განიკურნება. მართლაც, საოცარი სიტყვებია: „მწამს, ღმერთო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას!“
ე.ი. ერთი მხრივ, მან იცის, რომ აქვს რწმენა, მაგრამ, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ ეს რწმენა ძალიან მცირეა და სთხოვს ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს, დახმარებას. თითქოს ასეთი უცნაური ლოცვაა, მაგრამ ამ ლოცვის საპასუხოდ უფალი კურნავს მის შვილს. ისმის კითხვა: რატომ განკურნა უფალმა მისი ძე, თუ ეს მამა მცირედმორწმუნე იყო? რამ განაპირობა ამ სასწაულის მოხდენა? რა თვისება გამოავლინა მამამ, რომ უფალს ასე შეებრალა და სასწაული აღასრულა? ეს თვისება გახლავთ ამ ადამიანის თავმდაბლობა, სიმდაბლე.
როგორც გითხარით, პირველ რიგში, ის ჯერ მოციქულებთან მიდის, ერიდება მაცხოვართან პირდაპირ მისვლა, შემდეგ, როდესაც მოციქულები ვერ განკურნავენ მის შვილს, მიდის უფალ იესო ქრისტესთან და იჩოქებს მის წინაშე. აი, ეს არის სიმდაბლის გამოვლინება, რადგან მაშინ ყველა ებრაელმა იცოდა, რომ ადამიანის წინაშე დაჩოქება არ იყო მიღებული, ყველა ადამიანი თანაბარია ღვთის წინაშე და ამიტომ მაშინ ყველამ იცოდა, რომ დაჩოქება არანაირად არ იყო მიღებული. რადგან ეს მამა იჩოქებს, ე.ი. მან დაინახა უფალ იესო ქრისტეში ღვთაებრივი დიდი პატივი. გარდა ამისა, ეუბნება მაცხოვარს, რომ შეიწყალოს მისი ძე. შეწყალებაც არ არის ადამიანის თვისება, არამედ იგი მიმართავს, როგორც ღმერთს და ბოლოს საოცარია მისი პასუხიც: „მე კი მწამს, მაგრამ შეეწიე, უფალო, ჩემს ურწმუნოებას“. აი, აქაც მის ხასიათში დიდი სიმდაბლე გამოჩნდა, ამიტომაც უფალი პასუხობს, როგორც ყოველთვის.
თქვენ იცით, რომ მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია დღეს წაკითხულ სახარებაში. შემდეგ მოციქულები ჰკითხავენ მაცხოვარს, თუ რატომ ვერ განკურნეს მათ ეს სნეული? მაცხოვარი პასუხობს: იმიტომ, რომ ნათესავი ესე, ანუ დემონები, განიდევნებიან, მარცხდებიან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. რას ნიშნავს „მარხვითა და ლოცვით“? იმას, რომ ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, მათთან შეწინააღმდეგებით, არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ, შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, თავი შევიკავოთ იმ ყველაფრისგან, რასაც ბოროტი სულები გვთავაზობენ; მაგრამ ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ამიტომ ამბობს უფალი, რომ „მარხვითა და ლოცვით განვალს ნათესავი ესე“. აი, ასეთი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო.
ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ხშირად ვლოცულობთ ღვთის წინაშე, მაგრამ გვაქვს კი თუნდაც ასეთი მცირედი სარწმუნოება? არ გვჯერა, რომ ღმერთი შეგვიწყალებს ჩვენ და ჩვენს ლოცვას და ეს ჩვენი დიდი შეცდომაა, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ღმერთი სადღაც შორს და აბსტრაქტული რამ არის, მაგრამ ეს მამა, ეს ადამიანი იდგა იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წინაშე, მან იგრძნო, რომ მის წინაშე უფალი იყო, შეევედრა მას და მიიღო ეს დიდი წყალობა. თუ ჩვენც ასე ვილოცებთ, ვისწავლით ასე ლოცვას, მაშინ ჩვენი სულიერი ცხოვრებაც მოწესრიგდება და შევძლებთ, შევიმეცნოთ, თუ რა წერია სახარებაში, რას გვასწავლიან წმინდა მამები, რისი თქმა უნდოდათ, რა დაწერეს თავიანთ წიგნებში ისეთმა დიდმა მნათობებმა, როგორებიც იყვნენ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი და სხვა წმინდა მამები. მაშინ დავადგებით სულის გადარჩენისა და სულიერი განკურების გზას და არ ვიქნებით ჩაფლულნი მხოლოდ ამ მიწიერ ძიებებსა და ინტერესებში, რაშიც, სამწუხაროდ, უმეტესწილად ჩაფლულნი ვართ.
ამრიგად, ამ ადამიანმა, რომელსაც თითქოს არც საკმარისი რწმენა და არც ცოდნა ჰქონდა, მიიღო ეს დიდი მადლი და სასწაული. დღეს ჩვენ შეკრებილი ვართ აქ, ჩვენზეც ხომ შეიძლება ითქვას, რომ მცირედმორწმუნენი ვართ?! და რატომ მიიღო ამ ადამიანმა ეს მადლი? იმიტომ, რომ ღმერთს უყვარს იგი, შეუყვარდა და შეებრალა და ჩვენც, დღეს აქ მდგომნი, ვებრალებით უფალს, იმიტომ ვართ დღეს აქ მოსული, შეგვიწყალა უფალმა და შევებრალეთ, ამიტომ ვართ დღეს აქ და არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და უფლის შეწევნაში, ყოველთვის, მიუხედავად ჩვენი მცირედმორწმუნოებისა, ამ რწმენიდან, როგორი რწმენაც გვაქვს, უნდა შევღაღადოთ და ვევედროთ ლოცვით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ", - განაცხადა მეუფე შიომ.