იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორი ახალი მოადგილე წარადგინა. იუსტიციის მინისტრს დღეიდან ოთხი მოადგილე ეყოლება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებად ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაინიშნენ.
ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ის ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. იუსტიციის სამინისტროში ბუბა ლომუაშვილი დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და ადამიანური რესურსების მიმართულებების კურატორი იქნება.
თორნიკე ჭეიშვილი განათლებით იურისტია. დღემდე ის საქართველოს პარლამენტში მუშობდა; მონაწილეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. თორნიკე ჭეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროში კურირებას გაუწევს სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური დეპარტამენტების, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობას. ის იქნება იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს – ბექა ძამაშვილსა და აკაკი საღირაშვილს, ისინი აგრძელებენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
მინისტრის მოადგილეების წარდგენას იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.