დღეს, 30 მარტს, 10:55 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ნათია ტოგონიძის თავმჯდომარეობით, 2006 წლის 2 მაისს, კორტების სპეცოპერაციის დროს, ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად დაღუპული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის სარჩელზე, სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სპეცოპერაცია, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა.
მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.
2007 წლის აპრილში ხელისუფლებამ გამოძიება დახურა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ბრალდებებზე. იმევა წელს, ვაზაგაშვილის ოჯახმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღო.
საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ის გახსნილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.