ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევა-მარია ლიიმეტსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედონ თავშეკავებულად, ხელი შეუწყონ სიტუაციის დეესკალაციას და მოძებნონ კონსტრუქციული გამოსავალი საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას.
ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებით. ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის.
ჩვენ გვჯერა საქართველოსი, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას დაუკავშირონ და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზანს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად", - ვკითხულობთ განცხადებაში.