"ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის და უბედურების ამ მძიმე ხვედრისგან", - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.
"საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი.
მე მინდა, გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე, რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს - ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა", - ამბობს მიხეილ საკააშვილი, რომელიც თვლის, რომ ივანიშვილის გეგმა ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლაა და ამის დასტურად გერმანიაში სეზონურ სამუშაობზე დასაქმების პროგრამას ასახელებს.