საქართველოს შსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული საქართველოს 20 მოქალაქესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
"აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - აღნიშნა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს 20 მოქალაქე დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" საქართველოს უშიშროების სამსახურში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, საქართველოს 20 მოქალაქე ჯაშუშურ ქსელს ქმნიდა და საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას აწვდიდნენ.