დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სასამართლო ფსიქიატრიის თემაზე ორდღიანი სემინარი დაიწყო. სწავლებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისისა და ქვემო ქართლის ბიუროების ადვოკატები ესწრებიან.
სემინარს ქართველი და ჰოლანდიელი ექსპერტები - ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი, პროკურორი ჯეფ ბიესმა და ადვოკატი ვიებერენ ბოონსტრა უძღვებიან. ისინი, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მნიშვნელობა ადვოკატის პრაქტიკულ საქმიანობაში, საკანონმდებლო რეფორმის მიმართულებით შესაძლო ახალი ნაბიჯები და სამომავლო ხედვა, პაციენტის სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების ჰოლანდიური სისტემა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული პრინციპები ყოველდღიურ პრაქტიკაში და სხვა.
სემინარი ტარდება პროექტის "ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ინკლუზიური განათლების განახლების გზით" ფარგლებში. პროექტს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, "საერთაშორისო სამართლებრივი ცენტრი", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და "საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანდაცვის შემსწავლელი საზოგადოება" ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სავალდებულოა, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ასეთ შემთხვევებში, თუ ბრალდებულს არ აქვს საკუთარი სახსრებით დამცველის მოწვევის შესაძლებლობა, მის დაცვას საზოგადოებრივი ადვოკატები უზრუნველყოფენ. ცნობისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიმდინარე წელს წარმოებაში მიღებული საქმეების 8,3%-ს სწორედ ფსიქიატრიული მკურნალობის იძულებით შეფარდების საქმეები შეადგენს.