ადამიანს სჭირდება რაღაც ისეთი, რაც სიცოცხლის მასტიმულირებელ ძალებსა და ენერგიებს მისცემს, რაც შეუმსუბუქებს ყოფას, უფრო საინტერესოს გახდის ცხოვრებას, აზრსა და საზრისს შემატებს ბანალურ ყოველდღიურობას - ასეთი პანაცეა სიყვარულია, მაგრამ სადღაა დღეს ეს უკვდავი და მარადიული გრძნობა?! გაქრა თუ სიბნელეში ჩაიკარგა?! რა უქნა კაცობრიობამ მას ისეთი, რომ ირონიის საგნად აქცია?! ვინმეს გჯერათ ნამდვილი და ამაღლებული სიყვარულისა? - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
ჰოდა ამ „გატარებული“ ადამიანების სახელით გწერთ: უნდა დაიჯეროთ, ენდოთ და მოითხოვოთ სიყვარული, მოითხოვოთ და დაუკვეთოთ ერთმანეთს, როგორც აუცილებლობა, როგორც ვალდებულება, ადამიანად ყოფნისა და ცხოვრების გამართლება! არადა, ყველას რომ სჭირდება და ცოდვითა და ვნებით დაღლილი კაცობრიობა სულს რომ ღაფავს, თვითგადარჩენისათვის გამოვიგონეთ სიყვარულის დღეები: ერთი, ქართველი ადამიანისათვის, ქართული ტრადიციისთვის უცხო და თავსმოხვეული ვალენტინობა (თუმცა, მოგვახვიონ სიყვარული - რას ვკარგავთ!) და მეორე - ზოგისთვის სახსოვარი (ბევრისთვის გაუგებარი) სიყვარულის დღე 15 აპრილი (ბესო ჩუბინიძის დაარსებულიო) და მესამე - 16 ივლისი. 1981 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ყოველი წლის 16 ივლისს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გერგეტის მონასტერში, საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ასე რომ, ქართველებმა აქაც თავი გამოვიჩინეთ და სამჯერ ვზეიმობთ ამ დღეს!
თავის დროზე დაისვა შეკითხვა: რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი? - და ერთმა წმინდა მამამ ასე უპასუხა - ჭარბი სიყვარულის გამო! შემოქმედი ცისა და ქვეყნისა თავადაა აბსოლუტური სიყვარულიც, სიკეთეც და ამ დაუტევნელი მადლით მან გადაწყვიტა სამყაროს შექმნა - ე. ი. სამყაროს საფუძველი სიყვარულშია. ამიტომაც, რამდენიც უნდა ვეცადოთ მის დაკნინებასა და წაბილწვას, მაინც ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. ყველას გაგახსენდებათ პავლე მოციქულის სიტყვები: "სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე, სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს."
ქრისტიანობა უნივერსალური სიყვარულის რელიგიაა, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ეგოცენტრიზმსა და თვით მტრის სიყვარულსაც კი გვიქადაგებს. მაგრამ ადამიანის ცოდვით დამძიმებული სული ვერ პოვებს შვებას, უფრო მეტიც, მას იპყრობს რელიგიური ნიჰილიზმი და იწყებს სხვა გზების ძებნას. ამ ძიებაში არის რაღაც აზარტულიც, მაგრამ იკარგება მთავარი ფუნქცია საძიებო ძალისა: ნებისმიერმა სიყვარულმა უნდა გაგხადოს უკეთესი, რუსთველისებურად თუ ვიტყვით, სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს!
სიყვარული არის დიდი სურვილი, სწრაფვა რაღაცისაკენ, ვიღაცისაკენ. ოღონდ ის არაა მაიმპულსირებელი გარეგანი ძალა. სიყვარული დიდი ენერგიაა და შიგნიდან მოდის, ყველაზე უფრო ღრმა, ფარული და იდუმალი შრეების მომცველია და ერთბაშად შეუძლია დაანგრიოს და წალეკოს ირგვლივ ყოველივე. დიდი სიყვარულს დიდი შინაგანი სულიერი ძალა განაპირობებს, ამიტომ გიხაროდეთ, თუ უყვარხართ „ძლიერ, ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით“ (შ. პეტეფი). უმაღლესი ფორმა სრულქმნილი სიყვარულისა ღვთის სიყვარულია, ოღონდ მისი, როგორც უხილავი ძალის, სიყვარული ხილულ სამყაროში მეორე ადამიანის სიყვარულში უნდა გამოვლინდეს. ამქვეყნიურ სიყვარულს გვირგვინად ადგას დედაშვილური გრძნობა და მის მადლზე დგას ეს სამყაროც. სიყვარული იმდენად უძლეველი ძალაა, რომ გვაერთებს მათთანაც, ვინც დიდი ხანია განგვეშორა, დაგვტოვა, მაგრამ სულიერი კავშირები არ წყდება, ჩენ შორის უხილავი ფარდაა და იქ და აქ მყოფნი მაინც ერთად ვართ.
სამი უმთავრესი სათნოებიდან: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული - რჩება მხოლოდ ეს უკანასკნელი, რადგანაც გარდაცვალების შემდეგ რწმენა და იმედი გვტოვებს და უფალს გვაერთებს უკვდავი ძალა სიყვარულისა. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩებაო, ასეთ მდგომარეობაში ბევრია დღევანდელ მსოფლიოში. ადამიანებს ხშირად არასწორად გვესმის სიყვარულის არსი და გვიყვარს ეგოისტურად, არ გვეთმობა სხვისთვის, არ გვასვენებს ეჭვი და ვუმძიმებთ ცხოვრებას მას, ვინც ასე ძალიან გვიყვარს. ვერ ჩაითვლება ეს სრულყოფილ სიყვარულად, რადგან უფრო ეგოისტური გრძნობის გამოვლენაა და პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებულ სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
ჩვენ ახლა მივადექით ყველაზე მთავარ მოცემულობას, რომლის გარეშეც სიყვარული კვდება, - ესაა ერთგულება! ბევრს იცნობთ ერთგულ ადამიანს? - შეუძლებელია, რადგან ერთეულთა ხვედრია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთგულების ჰორმონი - ვაზოპრესენი - ეკოლოგიურად დაბინძურებულ სტრესულ სამყაროში აღარ გამომუშავდება სასურველი დოზითო. გარდა ამისა, ერთგულება თვითუარყოფის ნიჭიცაა და ეგოცენტრულ პლანეტაზე ამას ვერავის მოსთხოვ. მიყვარხარ გულისხმობს, მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად და მზად ვარ თავგანწირვისთვის. მსხვეპლად საკუთარ თავს ვწირავთ ამ გრძნობას (ფორმულა: „მე არაფერი მომივა?! ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებს).
ერიხ ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევდა, ამიტომ, როგორც ყველა ადამიანი ვერ იქნება ხელოვანი, სიყვარულიც ვერ დაიბუდებს ყველა არსებაში. მისი აზრით, დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული, ანუ ფსევდოსიყვარული. ისე, კაცმა რომ თქვას, 21-ე საუკუნე ფსევდოღირებულებათა საუკუნეა. გაქრა ყველაფერი ნამდვილი, ჭეშმარიტი, ღირებული და სუროგატების დონეზე ვართ და გვიხარია. შეაჩერებს რამე ამ პროცესს? - ძნელი სათქმელია, რადგან მორწმუნე ადამიანისათვის აპოკალიფსური ეპოქა დადგა. როცა მოციქულები ქრისტეს ეკითხებიან, როდის იქნება შენი მეორედ მოსვლაო, მან, ბევრ სხვა ნიშანთა შორის, ესეც დაასახელა: განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა“. ასე რომ, გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არა, სამყაროში თანდათან დაიკარგება და მიინავლება ნამდვილი, ძლიერი და ერთგული სიყვარული.
ბედნიერია, ვისაც უყვარს, მაგრამ ეს შესაძლოა მტანჯველი აღმოჩნდეს მაშინ, როცა სიყვარული ცალმხრივია. თუკი შეკითხვას ასე დავსვამთ: რომელი გირჩევნია, გიყვარდეს თუ უყვარდე (სასურველია გიყვარდეს-უყვარდე, მაგრამ სადაა?!), ჭკვიანი ადამიანი მაინც აირჩევს მიყვარდეს, რადგან ეს მისი სიმდიდრეა, სისავსეა და ამაზე უარის თქმა არ ეგების. როცა გიყვარს, შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება (სიმღერისა არ იყოს), „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, - ამბობდა სერვანტესი, - რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები -მარგალიტებად“. მწერლობა, ზოგადად, სიყვარულის ჰიმნია და ვინ მოთვლის, რამდენი შედევრი თუ მდარე ხარისხის ქმნილება დაწერილა ამ თემაზე. ხატვდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, აშენებდნენ, აქანდაკებდნენ, იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ, დუელებს მართავდნენ, ცხრა მთასა და ზღვას გადასცურავდნენ... სიყვარულისთვის. ამ გრძნობამ მოიყვანა აქამდე ეს პლანეტა და, გალაკტიონის თქმისა არ იყოს, უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე“.
რატომ არის ძნელი სიყვარულზე წერა და საუბარი? - ადამიანის ენა უძლურია ახსნას, შეაფასოს, გამოხატოს, განმარტოს ამ გრძნობის იდუმალი ძალა. ამის მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ სიყვარული, ზოგადად, რთული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების, აზრებისა და მოქმედებების აკვიატებული კონცენტრაცია სიყვარულის ობოექტის მიმართ; სიყვარულს ახასიათებს უკიდურესი სუბიექტურობა, რომლის გამოც ვერ ხედავ, ვერ ამჩნევ საყვარელი ადამიანის ნაკლს, მისი უარყოფითი პოზიტიურად ფასდება. ამიტომაც თქვა ქართველმა კაცმა: სიყვარული ბრმააო; შეყვარებული ეიფორიაშია, ამაღლებული გუნება-განწყობილება აქვს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უხარია სიცოცხლე; კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ახლავს სიყვარულს - სექსუალური ლტოლვაა. ამის გარეშე ტრფობა არ მოიაზრება, ოღონდ მხოლოდ ასეთ სწრაფვაზე დაფუძნებული გრძნობა არაფრისმომცემია, რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, 2-3 წლის მერე სიყვარულის სიმძაფრე იკლებს და ინსტინქტებით ნასაზრდოები ურთიერთობაც იმსხვრევა.
ფსიქოლოგი რობერტ სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს: 1. მოწონება-რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას; 2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობასა და ვნებას; 3. მეგობრობა-სიყვარული - მოიცავს ინტიმურობასა და ვალდებულებებს; 4. ძლიერი გატაცება - ეფუძნება მხოლოდ ვნებას; 5. უაზრო სიყვარული - შეიცავს ვნებასა და ვალდებულებას; 6. ცარიელი სიყვარული - განპირობებულია მხოლოდ ვალდებულებით; 7. სრულყოფილი სიყვარული - გულისხმობს ინტიმურობას, ვნებასა და ვალდებულებას.
ცხოვრება მშვენიერიაო - თქვა ჩეხოვმა (სხვამაც), მაგრამ დედამიწა არაა სამოთხე და უმრავლეს შემთხვევაში ეს ცხოვრება ჯოჯოხეთს უფრო ჰგავს (თუმცა გააჩნია, ვისთვის როგორ) და ადამიანები იტანჯებიან იმით, რომ არ ეღირსათ თავიანთი წილი სიყვარული, არ გაუმართლათ, ცხოვრება გავიდა მტანჯველ მარტოობაში, ოცნებებში, ფიქრებში, რაინდისა თუ მზეთუნახავის მოლოდინში... სიყვარული მოწონებით იწყება, მაგრამ ის, უპირველესად, ცოდნაა. მართალია, გული, გრძნობა და გონება ხშირად ვერ თანხმდებიან, მაგრამ მაინც აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ იცნობდე კარგად მას, ვინც გიყვარს, გესმოდეს მისი, მისაღები იყოს ინეტერესები, მისწრაფებები, სურვილები და გიხაროდეთ ერთმანეთობა. სიყვარულს დრო გამოცდის, სწორედ დრო დაამტკიცებს, გვიყვარდა თუ მოგვწონდა ერთმანეთი! სულის ერთობაა ის განმსაზღვრელი, რომელიც ქალ-ვაჟის ტრფობას ქორწინებამდე მიიყვანს.
სიყვარულმა არ იცის ასაკი (73 წლის გოეთეს 16 წლის გრეთხენი უყვარდა), არ ითვალისწინებს თანამდებობას (შენგან მეფე მონას ეყმოსო - წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე). ახლა ამბობენ, არ იცის სქესი - ერთსქესიანთა სიყვარულიც სიყვარულიაო. რას ვიზამთ, ცოდვა-მადლი აირია და ყველა თავისი გზით მიდის. უზენაესი ჯერ გვითმენს, საშინელი სამსჯავრო განაჩენისთვის ემზადება!
“სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” - რამ ათქმევინა ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები, რა ცეცხლი და გენია მოედო ასეთი?! თუმცა ვის არ დაუკვნესია ამ ტკბილ-მწარე გრძნობის წინაშე, ვინ არ ჩაუთრევია თავის კალთებში და გაუტაცია ღრმა მორევისაკენ.
უსიყვარულოდ ცხოვრება აუძლურებს, აბერებს, ფიტავს ადამიანს. თუ თქვენი შესაფერი სატრფო არ გამოჩნდება, შეიყვარეთ ხელოვნება, პოეზია, ცხოველები (ოღონდ ზოოფილია არ გაბედოთ!), გიყვარდეთ სიცოცხლე, ადამიანი, მზე, გაჭირვებული, გზასაცდენილი, დიდი თუ პატარა. ნუ დაგწყდებათ გული, რომ თქვენს გრძნობებს არ პასუხობენ შესატყვისი განცდით, ემოციით, თავგანწირვით... ნუ დაელოდებით ვალენტინობას, 15 აპრილსა და 16 ივლისს, ყოველი დღე სიყვარულში დახარჯეთ, ნუ შეაკავებთ ამ ემოციას, ნუ ჩაკლავთ და დათრგუნავთ თქვენს თავში პოტენციურ რომეოსა თუ ჯულიეტას!
როგორადაც უნდა განვითარდეს სამყარო და შეიცვალოს ცხოვრება, რა ტიპის ღირებულებები და ფასეულობებიც უნდა გახდეს საზოგადოების მამოძრავებელი, ღვთის, ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული დარჩება შეუცვლელ და უკვდავ სახეობად, დამოუკიდებელ ესთეტიკურ და ეთიკურ არტფაქტად. თანამედროვე რაციოცენტრიზმისა და პრაგმატიზმის პირობებში მაინცაა შესაძლებელი სიყვარულითა და რომანტიზმით ცხოვრება. სული უკვდავია და, შესაბამისად, იგი ითხოვს საზრდოს, საჭიროებს მშვენიერსა და ამაღლებულს. ამდენად, ახლა სიყვარულის დროა და იგი ისე გვჭირდება, როგორც - არასდროს! გიყვარდეთ, რაც შეიძლება მეტად გიყვარდეთ, რადგან ჭეშმარიტი ძალა სიყვარულშია!!!
საბა მეტრეველი