საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ინფორმაციას ნატოს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ ავრცელებს.
პრესსპიკერის ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკისა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს.