Новая газета-მ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს განცხადებით მიმართა, მოეკვლიათ იმ სასტიკი დანაშაულის გარემოებები, რომლებიც 2017 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს. საუბარია ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს, რომ კერძო რუსული სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები წამებით კლავენ მამაკაცს, თავს აჭრიან მას და შეურაცხყოფენ მის გვამს. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებმა მოძალადე პირების იდენტიფიცირება შეძლეს და სამართალდამცველებს ოფიციალურად მიმართეს, კრემლს გამოძიება ან თუნდაც რაიმე მოკვლევაც კი არ დაუწყია. მათ მომხდარში დანაშაულის ვერანაირი ნიშანი ვერ დაინახეს. თუმცაღა, არაერთხელ, რუსეთის პროკურატურას სხვა ქვეყნებში მყოფი თავისი მოქალაქეები, მათ შორის, სამხედრო პირებიც ნაკლები დანაშაულის ჩადენისთვისაც კი დაუსჯია. მით უფრო, რომ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არ არის აუცილებელი საგამოძიებო ორგანოებში რაიმე განცხადების წარდგენა, საკმარისია მასობრივ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ.
როგორც Новая газета წერს, მაგალითად, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ბისტრიკინი თუ სამთავრობო მედიით გაიგებს, რომ "ქალაქ პენზაში არსებობს გზის მოყინული მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობას საფრთხე უქმნის, ის მაშინვე ავალებს თავის ქვეშევრდომებს, რომ მოკვლევა დაიწყონ და დამნაშავეები გამოავლინონ." თუმცა, როგორც ჩანს, კრემლისთვის ადამიანების მოჭრილი თავები გამოძიების დასაწყებად სერიოზული მიზეზს მაშინ არ წარმოადგენს, თუკი ამ სისასტიკეში ვლადიმერ პუტინის "მზარეულის", ევგენი პრიგოჟინის შექმნილი "ვაგნერის" მებრძოლები ფიგურირებენ. და სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდება კრემლს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომლის ქმედებებზე არავინ არანაირ პასუხს არ აგებს და რომლის არსებობას საერთოდაც უარყოფენ. სწორედ ამიტომაც დაერქვა ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის სამხედრო ოპერაციების დროს "ვაგნერის" დაჯგუფების წევრებს Ихтамнет, რადგან ადამიანების მიმართ ჩადენილი მრავალი დანაშაულის, სისასტიკისა და კრემლის მიერ განხორციელებული მორიგი ოკუპაციის მიუხედავად, მათ ქმედებებზე ვლადიმერ პუტინი არანაირ პასუხს არ აგებს. ამ სამხედროებს კრემლი იყენებს იქ, სადაც სჭირდება, იქ, სადაც აპირებენ ტერიტორიის წართმევას, იქ, სადაც არის ნავთობი, წიაღისეული და პოლიტიკური გავლენების დამყარების შანსი.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ წარმოუდგენლად სასტიკ ისტორიას, ის სირიაში 2017 წელს განვითარდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შეიარაღებულმა მებრძოლებმა, რომლებიც მეთაურის ბრძანებებს ასრულებენ, სცემეს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ფეხებში ხელყუმბარა აუფეთქეს, რამდენიმეჯერ ესროლეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს და კიდურები მოაჭრეს. მათ გვამს დააწერეს – За ВДВ!, დაკიდეს და დაწვეს, ხოლო მისი თავი ცალკე ღობეზე დაკიდეს. მსხვერპლი, არაბი მამაკაცი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო შემოსილი.
თავდაპირველად, ინტერნეტ ქსელში ამ ვიდეოს ერთი – 2-წუთიანი ნაწილი გავრცელდა. ისმის სამხედრო პირების მიერ ნამღერი სიმღერა – снимаю с плеч тяжелый автомат, стреляю в сына, потом стреляю в мать. სამხედროები რუსულად უაქცენტოდ საუბრობენ. მოქმედების ადგილი სირიის უდაბნოში მდებარე მიტოვებულ სამრეწველო ობიექტს ჰგავს. ჩანს მხოლოდ ადამიანის მოკვეთილი თავი. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ ვიდეოზე "ვაგნერის" მოქმედი სამხედროები შეიძლება, ყოფილიყვნენ, თუმცა, ამის დამტკიცება მაშინ ვერავინ შეძლო, რადგან არ ჩანდა არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. 2019 წლის ნოემბერში კი ინტერნეტ ქსელში ამ ისტორიის გაგრძელება გამოჩნდა, ეს იყო ვიდეოჩანაწერის დანარჩენი სამი ნაწილი, სადაც დეტალურად ჩანს სამხედროების ქმედება და მსხვერპლის ტანჯვა.
მიწაზე დავარდნილ მამაკაცს ურტყამენ ჩაქუჩს, ის ან მკვდარია ან უგონოდ არის. ერთ-ერთი სამხედრო მას დანით თავს აჭრის, თუმცა, ეს ცუდად გამოსდის და დანარჩენები მას რჩევებით ეხმარებიან. ამის შემდეგ მას ხელებს სამხედრო ნიჩბით აჭრიან, თან ამბობენ, რომ ფეხების დატოვება სჯობს, რადგან შემდეგ შესაძლებელი იყოს მისი ჩამოკიდება. ვიდეოს შემდეგ ნაწილში თავმოჭრილ გვამს ფეხებით კიდებენ, ბენზინს ასხამენ და წვავენ. ვიდეოს მონაწილეები მხიარულობენ, ახსენებენ "შაშლიკსა" და შემწვარ ნეკნებს. ვიდეოს დასაწყისში მათ სახეები დაფარული აქვთ, თუმცა, მოგვიანებით, სახეებს არ მალავენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არის, რადგან ვიდეოს მაინც ვერავინ ნახავს. მალევე არაბულმა მედიამ დაღუპულის ვინაობა, მომხდარის დრო და ადგილმდებარეობა დაადგინა. ამ ვიდეოში აღბეჭდილი პირები ერთმანეთს საძახისებით – Волк და Памир მიმართავენ.
ცნობილია, რომ ეს სასტიკი დანაშაული სირიის პროვინცია ჰომსის დაბა აშ-შაერთან მოხდა. დღესაც კი აშ-შაერში მდებარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების რესურსები კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაცვის ქვეშაა. რაც შეეხება მსხვერპლს – არაბული მედიის ინფორმაციით, ის 1986 წელს დაბადებული მოჰამედ ჰამადი ტახა ალ-ბუტა აღმოჩნდა, რომელიც სირიაში, სავარაუდოდ, 2017 წელს დაბრუნდა და ბაშარ ასადის არმიის რეზერვში იყო გაწვეული, შემდეგ კი დეზერტირი გახდა. Новая газета-ს ინფორმაციით, რაიმე დადასტურებული ცნობა იმისა, რომ ჰამადი ტერორისტი იყო, არ არსებობს. თუმცა, სამხედრო დამნაშავე და ტყვეც რომ ყოფილიყო, რუსეთისა და ნებისმიერი სხვა ცივილიზებული ქვეყნის კოდექსი, როგორც სამოქალაქო მოსახლეობასთან, ისევე ტყვეებთან მსგავს არაადამიანურ მოპყრობას კრძალავს.
ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შემდეგ, Новая газета-ს რედაქციამ განაცხადა, რომ მზადაა, რუს სამართალდამცველებს მოქმედი პირების იდენტიფიცირებაში დაეხმაროს, მით უფრო, რომ უკვე ერთ-ერთი მათგანის ვინაობა ჟურნალისტებისთვის ცნობილია. ამავე დროს საუბარი არ არის რაიმე ცილისწამებაზე, ცრუ დასმენაზე ან გადაუმოწმებელ ფაქტებზე. რედაქციის განცხადებით, ვიდეოკადრებში აღბეჭდილი ერთ-ერთი მწამებელი – 1990 წელს დაბადებული სტანისლავ დიჩკოა სტავროპოლიდან. ის ყოფილი მილიციონერია, ხოლო 2016 წლიდან "ვაგნერის" წევრად ითვლება. Новая газета-მ გამოაქვეყნა იმის დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ დიჩკო "ვაგნერელია". რედაქციის მონაცემებით, ის სხვებთან ერთად სირიაში არაერთხელ ჩასულა და ამის დამტკიცება ოფიციალური გზებითაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა НКВД-ს თანამშრომლები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ საბჭოთა მოქალაქეებს, დღეს მათგან ესტაფეტა კრემლის სპეცსამსახურებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" თანამშრომლებმა გადაიბარეს. Новая газета-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, მთლიანად ისტორია და რუსული სახელმწიფოს ნულოვანი რეაქცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლისთვის წაშლილია ყველანაირი ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, მათ ამორალურობას უბრალოდ საზღვარი არ აქვს.
თინათინ სახოკია