პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა.
"ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა "ქართული ოცნება" 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ", - ამბობს ივანიშვილი.