3 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალაკონცერტი გაიმართება.
გალაკონცერტს ვიაჩესლავ ბორტნოვსკი უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და მომღერლები: ირმა ბერძენიშვილი, სულხან გველესიანი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, ინგა ჯახუტაშვილი.
კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, კამილ სენ-სანსის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ნაწარმოებები.
ვიაჩესლავ ბორტნოვსკი ბელარუსის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორია. იგი სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია (მისი აღმზრდელები იყვნენ გ. ერჟემსკი, ბ. ტილესი ა. იანსონი).
ვიაჩესლავ ბორტნოვსკიმ 1986 წელს დააარსა მინსკის კამერული ორკესტრი "კოლეგიუმ მუსიკუმ~, რომელიც 1992 წლიდან სიმფონიურ ორკესტრად გარდაიქმნა. სწორედ ამ ორკესტრსა და ვიაჩესლავ ბორტნოვსკის სახელს უკავშირდება მრავალი მაღალმხატვრული მიღწევა, მათ შორის, გახმაურებული ხუთწლიანი თემატური საკონცერტო პროგრამები "მუსიკალური ასამბლეები ბელარუსის ეროვნული სამხატვრო მუზეუმის ექსპოზიციაში~, კონცერტების ორი წლიური ციკლი "სულიერი აღორძინება მესამე ათასწლეულის მიჯნაზე~, ტურნეების ყოველწლიური სერია "მიდი პირენეი~ (საფრანგეთში 1994-1998 წლებში); ამ ორკესტრს ვიაჩესლავ ბორტნოვსკის დირიჟორობით ჩაწერილი აქვს მუსიკა მრავალი კინოფილმისთვის, კომპაქტდისკი "კლასიკური მუსიკის მარგალიტები~. 2005 წელს პირველად მსოფლიოში კომპაქტდისკზე მისი დირიჟორობით ჩაიწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰიმნი.