დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამორიცხავს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას.
მისი თქმით, შოტლანდიელები ჯერ არ არიან მზად დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად.
გასული წლის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უარყო შოტლანდიის პირველი მინისტრის მოთხოვნა დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩატარებისასთან დაკავშირებით.
კანონმდებლობით დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისთვის ლონდონის თანხმობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შედეგები იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.
2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოქალაქეების უმეტესობამ, 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.
შოტლანდიის ნაციონალური პარტია, რომელსაც შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი ხელმძღვანელობს, მხარს უჭერს განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ, იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმში, შოტლანდიელთა 62%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას.
ნიკოლა სტარჯონი პირობას დებს, რომ აუცილებლად ჩაატარებს მეორე რეფერენდუმს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ, შესაძლოა უკვე 2021 წელს. მან იმედი გამოთქვა, რომ შოტლანდიელების უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის დატოვების მომხრე იქნება.
სტარჯონის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შოტლანდია დაუყოვნებლივ შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.