"მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო გართულდა პანდემიის პირობებში. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად, თავისუფალი გადაადგილების უპრეცედენტო შეზღუდვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი; ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის რაიონი. პანდემიის დროსაც კი, არ შეწყვეტილა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანების უკანონო დაკავებები, რის შედეგადაც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები, ასევე მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო დეკემბრის რაუნდზე, მთელი სიმწვავით იქნა დაყენებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება, რუსეთის მიერ ფაქტიური ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც არაერთხელ გაცხადდა საქართველოს მთავრობის მიერ, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება"- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.