სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცესკო-ს შენობასთან მივიდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რითად საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.
სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, როცა აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება.
"ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი.
უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!", - აცხადებს სახალხო დამცველი.