დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ცესკომ ხმები ხელახლა უნდა დაითვალოს.
ანა დოლიძემ დღეს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. დოლიძე ითხოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგეს და არჩევნების გაყალბების საქმეზე დაიწყოს გამოძიება.
ანა დოლიძე ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციებს შეუერთდება.
"ამიტომ მოვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით და დადგინდეს ვის ინტერესშია ყოველივე ეს. 2. გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 3. ორ ნოემბერს, ცესკო-ში ვასაჩივრებთ შედეგების ლეგიტიმურობას და მოვითხოვთ, მოხდეს ყველა ბიულეტენის და ხმის გადათვლა საერთაშორისო დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით. 4. დაინიშნოს მთელს საქართველოში ხელახალი არჩევნები. 5. ვთხოვთ, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას პირად შეხვედრას, რომ უფრო დეტალურად მოხდეს გამოვლენილი დარღვევების გაცნობა", აცხადებს ანა დოლიძე.
მისი თქმით, ის არჩევნების დღეს, დილიდანვე აცხადებდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მასიური გაყალბება ხდებოდა.
"ამის გვირგვინია არის ცესკოს მიერ ხმების დათვლის და გამოქვეყნების პროცედურა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი შტაბი შეუჩერებლად მუშაობს და ამოწმებს ყველა ოქმს და ხმას. დიდუბე-ჩუღურეთში, ისე როგორც მთელს საქართველოში, უპრეცენდენტო გაყალბებას და დანაშაულს ჰქონდა ადგილი. შესწავლილი ოქმების 70%-ში თეთრი ძაფით არის შეკერილი ყველა დარღვევა, მათ შორის შეუსაბამობაა ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. არის „კარუსელის“ ნიშნები, გადაკეთებული რიცხვები, გაურკვევლად გაჩენილი საეჭვო ათასობით ხმა. ეს ყველაფერი უკავშირდება ოქმების გამოქვეყნების 24-საათიან დაგვიანებას", განმარტა დოლიძემ.