თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ბალეტის ფუძემდებლის, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (გალა-კონცერტი) გაიმართება.
მონაწილეობის მისაღებად თბილისს ეწვევიან მსოფლიო საბალეტო სამყაროს გამოჩენილი წარმომადგენლები - ცნობილი მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, ბალეტმაისტერები და ბალეტის კრიტიკოსები.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკის ბალეტის თეატრის, ინგლისის სამეფო, ნაციონალური საბალეტო დასების, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის ვარსკვლავები და ასევე უცხოეთში მოღვაწე ბალეტის ქართველ მოცეკვავეები.
გალა-კონცერტის პროგრამაშია: კლასიკური ბალეტებიდან (გედების ტბა, მანონი, ბაიადერა, ესმერალდა), ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ირჟი კილიანის, მარია პაგეს, სტენტონ უელშის, კენეტ მაკმილანის ქორეოგრაფიული მინიატურები და ნაწყვეტები მათი ბალეტებიდან. გალა-კონცერტზე შესრულდება პა'დ აქსიონი ა.კრეინის ბალეტიდან "ლაურენსია" (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია). საიუბილეოდ აღდგენილი იქნა ადაჟიო პირველი ქართული ბალეტიდან " მთების გული" (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია). სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ამავე ბალეტიდან აღდგენილი იქნა "ხორუმი".
ღონისძიება დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დაიწყება.
მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლი ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929-1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა.
1930 წლის 16 მარტს პ. ჩაიკოვსკის"გედის ტბა"-ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია.. "დონ კიხოტ"-მა მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ.
1932 წელს იგი აშშ-ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი", "კორსარი", "დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად. 1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს"ფაუსტის" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს "გედის ტბა". 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".
1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: "ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი". 1961წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო". 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენისმუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა". 1951 - 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ტეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წ. 6 აპრილს, ქ. თბილისში.
იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.