უამინდობის გამო საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოძრაობა შეზღუდულია.
გუდაური-კობის გზაზე, რომელზეც ქარბუქის, ნისლისა და თოვლის გამო, ღამის განმავლობაში რამდენიმე საათით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იყო შეფერხებული, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ამ დროისთვის უამინდობაა ყაზბეგშიც, იქ გადაუღებლად წვიმს.
სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, მომდევნო დღეებში კი არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.