თორნიკე რიჟვაძემ აჭარასა და ბათუმში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„მინდა კიდევ ერთხელ ყველას შეგახსენოთ, რომ 2006 წელს წინა ხელისფულებამ ჩვენს ქალაქს, ბათუმს, ბათუმელებს და განსაკუთრებით სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს წაართვა და დაუნგრია სტადიონი. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ მართლაც დიდებულ სტადიონს, რომელიც არის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მართლაც არქიტექტურული ნიმუში.
ასევე, ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია განათლება. განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც ვაშენებთ, მართლა გახდება ბათუმელებისთვის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ახალი საგანმანათლებლო კერა.
რაც შეეხება „ოცნების ქალაქს“, რომელიც დღეს, რამდენიმე საათის წინ ბატონ პრემიერ-მინისტრთან და ბატონ გენერალურ მდივანთან ერთად მოვინახულეთ, მართლა იყო ჩვენი მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხი. ეს იქნება 2000-ზე მეტი ბავშვის და მათი ოჯახების ახდენილი ოცნება და ძალიან მალე ისინი ღირსეულ საცხოვრისში შეძლებენ გააგრძელონ ცხოვრება. ეს იქნება პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ეკომიგრანტების საკითხი ასე გადაიჭრა ამ რეგიონში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.