ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია.
„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც დესტრუქციულია და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. დაწყებული იმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. გაგრძელებული იმით, როცა ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და "საარჩევნო კოდექსს" ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით დღესაც გამორჩეულია. თქვენ ხედავთ, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას" დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგრიგობით უარს ამბობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და არჩევნებში ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.