ამომრჩევლების სახელით საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის პროექტის დარეგისტრირებაზე უარის თქმას ქრისტიან-დემოკრატები უპასუხისმგებლო საქციელად მიიჩნევენ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის უარის საფუძვლის წერილობით დასკვნაში ასახვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ვეფხვაძემ ხათუნა გოგორიშვილს მოსთხოვა, ინიციატივის დარეგისტრირებაზე უარის თქმის საფუძველი კომიტეტის წერილობით დასკვნაში ყოფილიყო ასახული და გაახსნა ისიც, რომ ორი კვირის წინ, ბიუროს სხდომაზე გოგორიშვილმა სხვა განცხადება გააკეთა. ვეფხვაძის განმარტებით, მაშინ მისი განცხადებიდან გამოიკვეთა, რომ ამომრჩევლების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება საკრებულოს პრეროგატივა იყო. ახლა კი ინიციატორებს უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ ეს საკრებულოს პრეროგატივა არ იყო და დამოწმება ნოტარიუსში უნდა მომხდარიყო.
გოგორიშვილის განმარტებით, ნოტარიატის შესახებ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს მხოლოდ ნოტარიუსი და საკრებულო ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თვითმმართველ ორგანოში არ არსებობს ნოტარიუსი. მან ისიც განაცხადა, რომ შედეგი მაინც დადგება და ზუსტად იმავე ინიციატივას პარალმენტი ქრისტიან-დემოკრატების სახელით განიხილავს. შესაბამისად, მას ეს ხმაური პოლიტიკურ ვაჭრობად მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 8 ოპოზიციური პარტიის ინიციატივაზე - საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიომეტრიული პასპორტებით, რათა თავიდან იქნას აცილებული გაყალბება. 8 ოპოზიციურმა პარტიამ კი, იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, 130 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვა და სწორედ მათი სახელით დარეგისტრირებას ითხოვდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მათ უარყოფითი დასკვნა მისცა, თუმცა დაკსვნის მიცემამდე იგივე ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატების სახელით დარეგისტრირდა და ამის არგუმენტად ქრისტიან-დემოკრატები პრევენციულ ღონისძიებებს ასახელებენ.