გერმანიაში, მიუნხენში, გამოიცა ქართველი პოეტის, დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი "არსებითი სვლები და თორმეტი სხვა ლექსი".
აღსანიშნავია, რომ ავტორის ყველა ლექსი ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია ავტორთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც პოეტი თავისი ესთეტიკის, პოეტური გამოცდილების, ქართული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის და ბევრი სხვა საინტერესო თემის შესახებ ესაუბრება გერმანელ მკითხველს. წიგნის გარეკანზე მითითებულია, რომ დათო ბარბაქაძე ევროპული პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ლექსები თარგმნილია ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის შტეფი იუნგერ-ხოტივარის და გერმანელი პოეტის ბენედიქტ ლედებურის მიერ.
როგორც დათო ბარბაქაძემ განაცხადა, "არსებითი სვლები" მის პოეტურ შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია და კარგია, რომ ამიერიდან მას გერმანელი მკითხველიც გაეცნობა.
"ამ ციკლში კონდენსირებულია მთელი ჩემი პოეტური და ესთეტიკური გამოცდილება. მასში დამუშავებულია თემები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვუტრიალებდი. ტექსტის რიტმული სტრუქტურა ქართული ჰიმნოგრაფიის მდიდარ გამოცდილებას ეყრდნობა და ამ პოეტიკის შენარჩუნება ნაწილობრივ მოხერხდა თარგმანში, მოხერხდა კონცეპტუალური მთლიანობის შენარჩუნებაც. "არსებითი სვლების" თარგმანზე მუშაობა თითქმის ერთ წელიწადს გრძელდებოდა და მთარგმნელმა ქართული საგალობლების რიტმიკა საგანგებოდ შეისწავლა, ამ საქმეს რომ წარმატებით გასძღოლოდა", _ განაცხადა ავტორმა.
წიგნში წარმოდგენილია კიდევ თორმეტი ლექსი. მათგან რამდენიმე პირველად სწორედ წინამდებარე გამოცემაში იბეჭდება და საქართველოში ჯერ არ გამოქვეყნებულა.
წიგნის გარეკანის გასაფორმებლად გერმანელმა მხატვარმა ლიზა ბუნმა ქართული ანბანის ასოები გამოიყენა. წიგნი ბაზარზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოჩნდა.