უკრაინაში ომი, მთელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის გეგმის ნაწილია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოქალაქეებისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა. იუწყება Deutsche Welle.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში ომი მისი ქვეყნის უსაფრთხოებასაც ემუქრება.
„ევროპაში საშინელი ომი მძვინვარებს. ეს არის ომი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ზედიზედ მეოთხე წელია ახალ წელს რთულ პირობებში, მტრის რაკეტების ქვეშ და ახლობლების გამო შიშით აღნიშნავენ.
„რუსეთი დაუნდობელი სისასტიკით აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ზედიზედ მეოთხე წელია, უკრაინელები ახალ წელს ყველაზე ცუდ პირობებში აღნიშნავენ - ბევრი ელექტროენერგიის გარეშე, რაკეტების სეტყვის ქვეშ, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ შიშით“, - აღნიშნა მერცმა.
მან დასძინა, რომ ეს არ არის რაღაც შორეული ომი, რომელიც გერმანიას არ ეხება.
მისი აზრით, უკრაინაში შეჭრა რუსეთის ევროპის წინააღმდეგ გეგმის ნაწილია.
„და ეს არ არის რაღაც შორეული ომი, რომელიც ჩვენ არ გვეხება. რადგან ჩვენ სულ უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთის შემოჭრა იყო და რჩება მთელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილად. ყოველდღიურად გერმანიაც ხდება დივერსიის, ჯაშუშობისა და კიბერშეტევების მსხვერპლი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.