საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრობაციის ეროვნული სამსახურისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის რეგიონულ ოფისებს ესტუმრნენ.
ვიზიტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით უცხოელი პარტნიორებისათვის რეგულარული გაცნობითი შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
რეგიონის მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარების მიწოდების პროცესით NORLAG-ის, PRI-ის და უნგრეთის საელჩოს წარმომადენლები დაინტერესდნენ. როგორც მათ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ აცნობა, მიმდინარე წლის განმავლობაში უფასო საადვოკატო მომსახურებით 400-ზე მეტმა პირმა, მათ შორის 12-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა, ხოლო კონსულტაციისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისათვის ბიუროს 1300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.
სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 6 საზოგადოებრივი ადვოკატი, ასევე კონსულტანტი და სპეციალისტი. ბიუროს უფროსის რომან კეიდიას ინფორმაციით, ისინი რეგულარულად მართავენ გასვლით ღონისძიებებს, რითაც ხელს უწყობენ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის პროცესს.
უცხოელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს საქმიანობას და ორ პრობაციონერსაც გაესაუბრნენ, რომელიც ახლახანს ბიუროს ძალისხმევით ცაიშის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდა. თითოეული მათგანი ხელფასის სახით ყოველთვიურად 400 ლარს მიიღებს.
სამგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ძალისხმევით, სამეგრელოს რეგიონში ამ ეტაპზე 8 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული - 5 სამშენებლო კომპანიაში შპს "მაკრონები XXI", 3 კი რესტორანში "ლაკადა" - მიმტანებად. ბიუროს უფროსის ლევან კალანდიას ინფორმაციით, ბიუროში ამჟამად აღრიცხვაზე 2000-ზე მეტი პირობითი მსჯავრდებული, მათ შორის 36 არასრულწლოვანი პრობაციონერი იმყოფება.
ბიურო აქტიურად მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვისა და კონტროლის, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე.