COVID19 იყო ტესტი ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის და საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია. არაერთ ქვეყანაზე უკეთ შეძლო ამ ინფექციის მართვა და მისი გავრცელების შეკავება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამას მთელი მსოფლიო იზიარებს და საერთაშორისო პარტნიორებმა, საქართველოს ზუსტად ასეთი შეფასება მისცეს. „ჩვენ ვთქვით, რომ შევაკავებთ ამ პრობლემას და ეს ასეც მოხდა, თუმცა ამის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენი საზოგადოება და რა საკვირველია დგას ის რეფორმები, რაც ამ წლების განმავლობაში შევასრულეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, COVID19-თან ეფექტური ბრძოლა შეუძლებელი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ არ გაეტარებინა ჯანდაცვის რეფორმები და არ შემოეტანა საყოველთააო ჯანდაცვის სისტემა და რომ არ გაეკეთებინა ის ინვესტიციები, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელდა. „სხვათაშორის ეს იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ჩვენი ოპონენტები წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვა, რა საჭიროა დაფინანსების გაზრდა ჯანდაცვის სექტორში და მოდით ჯანდაცვა იყოს განკერძოებული. მოდით ბაზარმა დაარეგულიროს ჯანდაცვა, ნაკლები სახელმწიფო და მეტი საბაზრო ეკონომიკა ჯანდაცვაში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.