გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თუ 5 დღის განმავლობაში 23 წლის გოგოს მოძებნა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა მერე არის მიყვანილი.
ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.
„ძებნა მიმდინარეობდა თურმე, დათვალიერებული იყო ის ადგილი მაგრამ 5 დღის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, რადგან თურმე მდგარა. თუ ეძებდნენ და იდგა ესე იგი არ ეძებდნენ და თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი. ამას დავადგენთ, სად, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.