სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მარცვლოვანი კულტურების მოსავლის და სასილოსე მასის აღების სამუშაოების შესასრულებლად "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია.
ოთარ შამუგია რეგიონში "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" დირექტორთან, შოთა ჯოგლიძესთან და დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შოთა ჯოგლიძის განცხადებით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად კომპანიის 100 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საშემოდგომო სამუშაოებისათვის სრულ მზადყოფნაშია 300 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქმედი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების" პროგრამით, 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის" სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.
სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგროვადების დაცვით ემსახურება ფერმერებსა და მიწათმოსარგებლეებს. მომსახურება მოიცავს ხვნის, თესვის, ჰერბიციდებით ნათესების დამუშავების, კულტივაციის, ფარცხვის, მინერალური სასუქების შეტანის და მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღების სამუშაოებს.