"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი მთავრობას მოუწოდებს მოაგვარონ ის ბიუროკრატიული პრობლემები, რომლითაც გლეხები მიწის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ და შესაბამისად, მათთვის განკუთვნილ დახმარებებს ვერ იღებენ.
„ერთის მხრივ მთავრობა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დახმარებას გვიანონსებს, იქნება ეს ფულადი სახით თუ საწვავით, და მეორეს მხრივ მიწის რეგისტრაციის პროცესს არსებული ბიუროკრატიის გამო აფერხებს.
რა იგულისხმება გართულებულ პროცესებში - მიწის რეგისტრაციის დროს, გლეხსა და საჯარო რეესტრს შორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შუამავალ რგოლს წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი, როდესაც გლეხი საჯარო რეესტრს მიმართავს, საჭიროა დოკუმენტაცია ადმინისტრაციულად დასადასტურებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეგზავნოს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს კი, რომლებთაც საჯარო მოხელის ფუნქცია ჩამორთმეული აქვთ და სახელშეკრულებო მომსახურებაზე არიან გადაყვანილები, ადმინისტრაციული ოქმის გამოცემის უფლება არ აქვთ. ამიტომ, მუნიციალიტეტეებში დღეს ათასობით ასეთი განცხადებაა გაჭედილი, რითაც გლეხი ზარალდება და საკუთარი მიწის რეგისტრაციას ვერ აკეთებს.
მივმართავთ ხელისუფლებას, ამ პრობლემის გადაჭრას განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება არ სჭირდება. საჭიროა ელემენტარული სამთავრობო აქტის გამოცემა, რომელიც ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს საშუალებას მისცემს ნებისმიერ შესულ განცხადებაზე ადმინისტრაციული ოქმი მიიღონ და შემდგომ საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებში გადააგზავნონ“, განაცხადა ბოტკოველმა.