იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უცხოეთში დაბადებული და საქართველოში დაურეგისტრირებელი ბავშვების პრობლემის მოგვარების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ინიციატივია გააჟღერა.
არასრულწლოვანთა რეგისტრაციის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. კერძოდ: საქართველოს მოქალაქეთა შვილები, რომლებიც დაბადებულნი არიან საზღვარგარეთ და აქვთ უცხო ქვეყნის სტრუქტურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც არ არის დამოწმებული აპოსტილის წესით ან საკონსულო ლეგალიზაცია არ გაუვლია, ვერ ახერხებენ საქართველოში რეგისტრაციის გავლას.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გამოდის ინიციატივით, რომელიც მოქალაქეთა ამ კონტიგენტის დახმარებას ისახავს მიზნად. პრობლემური დოკუმენტაციის მქონე მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. მონაცემების შეგროვება ერთი თვის განმავლობაში იწარმოებს.
`დავიწყებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საიდანაც ეს პრობლემური დოკუმენტები მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში არის დოკუმენტების ლეგალიზების სპეციალური პროცედურა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ გაიარეს თავის დროზე და პრობლემების ამიტომ შეიქმნა~, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში მოსწავლეთა რეგისტრაცია ტერიტორიულ სამსახურებში უფასოდ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღევანდელი მონაცემებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში 581 177 ბავშვი დარეგისტრირდა. აქედან პირველკლასელი მოსწავლე 31 979. პირადობის მოწმობა 231 214-მა მოსწავლემ აიღო.
ცნობისთვის: 14 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, აიღოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობის მიღება მეათე სამუშაო დღეს უფასოა; პირადობის მოწმობის აღება, სურვილისამებრ, შეუძლია 14 წლამდე ასაკის მოქალაქესაც.