შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რამ გამოიწვია, სადეზინფექციო საშუალებებით მოწამვლის შემთხვევების ზრდა. იტყობინება BBC-ი.
გასულ კვირას, შეერთებული შტატების მეთაურმა ვარაუდი გამოთქვა, ხომ არ შეიძლებოდა "სადეზინფექციო ხსნარი, რომელსაც კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია, ინფიცირებულ პაციენტებისთვის ინექციის სახით შეეყვანათ".
დონალდ ტრამპის ამ "შოკისმომგვრელ" განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ "ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთონ".
მოგვიანებით, ტრამპმა თავისი განცხადება სარკაზმით ახსნა.
"კითხვა, რომელიც რეპორტიორებს დავუსვი, სარკაზმი იყო. მაინტერესებდა რა მოხდებოდა", - განმარტა პრეზიდენტმა.
კვირას მიჩიგანისა და მერილენდის შტატების გუბერნატორებმა ამგვარი შემთხვევებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარების მოცულობის ზრდის გამო პრეზიდენტი დაადანაშაულეს.
დონალდ ტრამპს, როდესაც ჰკითხეს, აიღებდა თუ არა პასუხისმგებლობს მოწამვლის შემთხვევების ზრდაზე, უპასუხა, რომ "არა, არ შემიძლია".
ტრამპის განცხადებას სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანიებიც გამოეხმაურნენ და მომხმარებლებს მოუწოდეს, პროდუქცია არადანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ.