24 საათში დაფიქსირებული 15 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. მისი განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა როგორც ეზუგბაია განმარტავს, დინამიკა გაუმჯობესებულია.
„გუშინ ჩვენ გვქონდა 496 დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა, 511 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ამჟამად. ამ 15 დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადად არის ყველა ცნობილი წყაროები, ბოლნისი, მარნეული, თეთრი წყარო. ორი პაციენტი არის რომელთა წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა 7-ით, იყო 149 ახლა არის 156. თუ ამ მონაცემებს შევედარებთ ამ ეტაპზე კოვიდის მიმღებ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს დღეს დილის მდგომარეობით. ამ 15 შემთხვევიდან ჩვენთან არ შემოუყვანიათ არცერთი პაციენტი. ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. ამ 43 პაციენტიდან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი. გვყავს 11 მოზარდი მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.