სასურსათო პროდუქციაზე დეფიციტი არ არსებობს. სრული დატვირთვით მუშაობს დისტრიბუცია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად, საკარანტინო ზონების სოფლებში, სასურსათო მარაგებს გაეცნო.
ჯაბა ფუტკარაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინო ზონების სასურსათო მაღაზიები და არსებული მარაგები დაათვალიერა. დღეისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროდუქტებზე ფასების მონიტორინგს ახორციელებს.
სასურსათო მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება.
ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მოძრავი ბაზრების მუშაობა გრძელდება. ყოველდღიურად, დისტრიბუციის მანქანები, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოფლებში სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებენ.
მოძრავი ბაზრები, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელში გადაადგილდება. მოსახლეობას ადგილზე შეუძლია სხვადასხვა სახის ბოსტნეულის და პროდუქციის შეძენა.
მინისტრები აღნიშნული ბაზრობის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.