შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი სახელად "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი") არათუ არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, არამედ ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს. ინფორმაციას რადიო "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
კვლევის წინასწარი შედეგები ამ კვირაში შეერთებული შტატების ვეტერანთა დეპარტამენტმა და სამეცნიერო მკვლევარების აკადემიურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.
მეცნიერები 368 მამაკაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინს" აძლევდნენ, პრეპარატს, რომელიც აქამდე მალარიის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. მეორე ნაწილს, იგივე პრეპარატს ანტიბიოტიკ "აზითრომიცინთან" კომბინაციაში ასმევდნენ.
მათ შორის, ვისაც მალარიის საწინააღმდეგო წამალს აძლევდნენ, 27% გარდაიცვალა. იმათში, კი ვისაც პრეპარატს ანტიბიოტიკთან ერთად აძლევდნენ, 22% გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც "ჰიდროქსიქლოროქინი" მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს. ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება. ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პრეპარატების ფართოდ დანერგვამდე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებს.
ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებად "ჰიდროქსილქლოროქინის" და "ქლოროქინის" გამოყენების ნებართვა ამა წლის მარტში გასცა საგანგებო ავტორიზაციის გზით და არა დამტკიცების ტრადიციული წესით, მრავალწლიანი პროცესის გავლის შემდეგ.
აღნიშნული პრეპარატები ბევრი საავადმყოფოს მკურნალობის შიდაგანაწესშია (პროტოკოლში) შესული, როგორც მალარიასთან და აუტოიმუნურ დაავადებებთან ბრძოლის, ასევე ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება. "ჰიდროქსილქლოროქინს" (პლაქვენილი) დღეს ამერიკაში ათასობით პაციენტს ისე ასმევენ, რომ კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ არის.